დოდო კეზელი - პარაცეტამოლი სწორად უნდა იქნას გამოყენებული
დოდო კეზელი - პარაცეტამოლი სწორად უნდა იქნას გამოყენებული

პარაცეტამოლი, რა თქმა უნდა, სწორად უნდა იქნას გამოყენებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, ფარმაკოლოგმა, პროფესორმა დოდო კეზელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

პირადი ექიმი

„მთავარი არის ის, რომ პარაცეტამოლის ორ დოზას შორის იყოს ხუთსაათიანი ინტერვალი, რადგან ჩვენს ორგანიზმში რაღაც-რაღაცებს აღდგენა სჭირდება; ამ აღდგენას ეს ხუთი საათი სჭირდება და არ უნდა იყოს გადაჭარბებული დოზა“, – განაცხადა დოდო კეზელმა.

მისი თქმით, პარაცეტამოლი სამ დღეზე მეტ ხანს არ უნდა გამოვიყენოთ.

„თუ პარაცეტამოლი სამ დღეზე მეტად დაგვჭირდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ექიმს უნდა მივმართოთ და ექიმმა ხელახლა უნდა გადახედოს ჩვენს დიაგნოზს. იმიტომ, რომ პარაცეტამოლის გამოყენება, წესით, ამ სამ დღეზე მეტად არ უნდა დაგვჭირდეს“, – განაცხადა კეზელმა.

როგორც ფარმაკოლოგმა აღნიშნა, ინფექციური დაავადებების დროს ტემპერატურული რეაქცია არის ორგანიზმის ერთ-ერთი ბრძოლის უნარი.

„ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენ ორგანიზმსაც აქვს საკმარისი ძალები და მას ხელი არ უნდა შევუშალოთ“, – განაცხადა დოდო კეზელმა.

მისივე თქმით, როდესაც ადამიანს ტემპერატურა მაღლა ეწევა, ერთი გრადუსით აწევა იწვევს აბსოლუტურად ყველაფრის 12-პროცენტიან მობილიზაციას და მათ შორის, იმუნური სისტემა უფრო გაცხოველებულად მოქმედებს.

„ამიტომ, ზოგადად, ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია, რომ გამონაკლისი პაციენტების გარდა, 38 გრადუსის, ზოგ შემთხვევაში კი 38,5 გრადუსის შემდეგ ვაძლევთ სიცხის დამწევ საშუალებას. აქ არ შემოდის რამდენიმე კატეგორია – კარდიომასკულარული დაავადებები, ბავშვები და ორსულები“, – განაცხადა დოდო კეზელმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გაჩნდა კითხვა იბუპროფენთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოება დააბნია და სად არის რაციონალური მარცვალი, დოდო კეზელმა განაცხადა, რომ ეს კითხვა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ 14 მარტს გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ კორონავირუსის პერიოდში ანთების საწინააღმდეგო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული, მაგრამ აღნიშნული მოსაზრება რიგმა სპეციალისტებმა არ გაიზიარეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის თქმით, თუ ადამიანს სჭირდება და ექიმისგან აქვს დანიშნული კონკრეტული ჯგუფის მედიკამენტი, ამ განცხადებას ყურადღება არ უნდა მიაქციოს და მათი მიღება უნდა გააგრძელოს.

„უამრავი ადამიანი გვყავს პოპულაციაში, რომლებსაც ართრიტის საწინააღმდეგოდ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აქვთ დანიშნული და მათ ამ პრეპარატების მიღება უნდა გააგრძელონ. ანუ, მათზე ეს რეკომენდაცია არ ვრცელდება. დანარჩენ შემთხვევებში, სადაც ტემპერატურის დაქვეითება გვჭირდება, ალბათ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ და პარაცეტამოლ-იბუპროფენის კომბინაციის გაკეთება შეგვიძლია“, – განაცხადა დოდო კეზელმა.