საქართველოს პირველი არხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციისთვის
საქართველოს პირველი არხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციისთვის

საქართველოს პირველი არხის გადაცემის „პირადი ექიმი“ ავტორი და წამყვანი მარი მალაზონია, არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდი“ პროექტში „მოზარდი მოხალისეების ჩართულობა პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ“ ჩაერთო. პროექტი გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს მოზარდებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ჰიგიენის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარების გზით. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და პოპულარიზაციას. მარი მალაზონიამ მოზარდებს ინტერაქტიულ რეჟიმში გააცნო აქტუალური, საჭირო ინფორმაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს. ამ საკითხს მიეძღვნა „პირადი ექიმის“ დღევანდელი გადაცემაც.

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია საქართველოს პირველი არხის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რაც პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიესალმება და ყოველთვის მზად არის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით აქტივობებში“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.

პროექტი ხორციელდება საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, სადაც მოზარდები ახალგაზრდულ კლუბებს აფუძნებენ, კლუბების ძირითადი საქმიანობა მოიცავს ადგილობრივ თემში ჰიგიენის საკითხებისა და მოხალისეობრივი იდეის პოპულარიზებას. პროგრამაში ჩართულია 150 მოზარდი თანასწორ-განმანათლებელი.

„ჩვენი გადაცემა ყოველთვის თანამშრომლობს ახალგაზრდებთან, განსაკუთრებული სიყვარულით მუშაობს ბავშვებთან და მოზარდებთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და გამორჩეულად, სწორი კვების დამკვიდრებასთან დაკავშირებით, ამიტომ წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოგვიყალიბდა „პირადი ექიმის“ გუნდები – გაერთიანდნენ ახალგაზრდები, რომლებიც თვითონ გახდნენ სხვებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მასწავლებლები და გამზიარებლები. დღევანდელი შეხვედრა იყო სწორედ ამ ტიპის შეხვედრა, როდესაც ახალგაზრდები არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანსაღი კვების შესახებ სვამდნენ კითხვებს და იღებდნენ პასუხებს, არამედ თავად გახდებიან თანასწორ-განმანათლებლები. აქ, ჩვენს შეხვედრაზე მიღებულ ინფორმაციას თანატოლებს გაუზიარებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გადაცემისთვის“, – განაცხადა გადაცემის „პირადი ექიმი“ ავტორმა და წამყვანმა, მარი მალაზონიამ.

პროექტის მიმდინარეობისას თანასწორ-განმანათლებლები გაივლიან თემატურ საინფორმაციო-საგანმანათლებლო სესიებს, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კომპეტენციების ამაღლებას. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი, თანატოლებს გაუზიარებენ თავიანთ თემში. მონაწილეებს ასევე საშუალება აქვთ, მოიპოვონ მიკრო გრანტები და განახორციელონ მცირე, ლოკალური პროექტები.