მარი მალაზონია - გზის პირას, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ განთავსებულ პროდუქტში ტყვიის დანალექი გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პროდუქტში
მარი მალაზონია - გზის პირას, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ განთავსებულ პროდუქტში ტყვიის დანალექი გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პროდუქტში

მაღალი დაბინძურების არეალში, ქუჩაში, გზის პირას, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ხანგრძლივად განთავსებულ პროდუქტში ტყვიის დანალექი გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პროდუქტში, – ამის შესახებ ექიმმა-ნუტრიციოლოგმა, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მარი მალაზონიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ დროს პროდუქტი აუცილებლად კარგავს არა მხოლოდ საგემოვნო თვისებებს, არამედ მასში არსებულ აუცილებელ ნივთიერებებსაც.

მარი მალაზონიამ ბავშვთა კვებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი სირთულეა, გავიაზროთ კვებასთან დაკავშირებული პრობლემები ბავშვთა ასაკში.

„დარწმუნებული ვარ, ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სინაზე აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ეს იმასაც გულისხმობს, რომ ბავშვის კვებაზე ზრუნვა მუცლადყოფნის პერიოდამდე, ანუ ბავშვის ჩასახვამდე იწყება. თუ ბაღის ასაკის ბავშვთა კვებაზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ცილის როლი. ცილის წყარო პროდუქტებით უზრუნველყოფა არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ამაზე და მასთან კომბინაციაში, სხვა საკვები ნივთიერებების ადეკვატურ მიღებაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ბავშვის არა მარტო ფიზიკური, არამედ მენტალური განვითარება“, – განაცხადა მარი მალაზონიამ.

ექიმმა-ნუტრიციოლოგმა ისაუბრა ასევე კვების სხვადასხვა ობიექტში ცხენის ხორცის გამოყენების შემთხვევებზე. მისი თქმით, ცხენის ხორცი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, თუმცა ქართველებს მენტალობაში აქვთ, რომ ცხენი ჩვეული პროდუქტი არ არის.

„გარდა სამედიცინო, ანუ ფიზიკური, მატერიალური წახნაგისა, კვებას აქვს ეთნოკულტუროლოგიური, სოციალური, ემოციური და ა.შ წახნაგები და როდესაც საუბარია ჩვენ პოპულაციაში ცხენის ხორცის გამოყენებაზე, ჩვენ განვეკუთვნებით იმ უძველეს ერებს, სადაც მეგობრებს არ ჭამენ, ანუ მენტალურად ასეა ჩამოყალიბებული და ძველ ერებში სწორედ ასეა დაშიფრული ინფორმაცია. მაგალითად, ძაღლების, ცხენების, ჩვენი მეგობრების და კეთილი მსახურების რანგში.
არის მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. თუ სადმე ვართ ევროპული აზროვნების წარმომადგენლები, ალბათ, ერთ-ერთი სფერო ესეც არის. წარმოიდგინეთ, ჩვენთან რამდენი ძეგლია, სადაც მხედარი ორგანულად არის შერწყმული ცხენის ქანდაკებასთან და ქვეყანაში, სადაც ცხენს ქანდაკებას უდგამენ, არ შეიძლება, ამ ცხოველს ჭამდნენ. ეს ჩვენ მენტალობაში გვაქვს და ცხენი ჩვენთვის ჩვეული პროდუქტი არ არის“, – განაცხადა მალაზონიამ.

მისი თქმით, როდესაც ასეთ ძალიან ძვირადღირებულ პროდუქტზეა საუბარი, ისმის კითხვა, რატომ ხდება ეს პროდუქტი ხელმისაწვდომი.

„ასეთ შემთხვევაში ეჭვები ჩნდება. ერთია, რომ ან პროდუქტია უვარგისი, ან კიდევ სხვა საკითხებთან გვაქვს საქმე, რომელიც მე, როგორც ექიმმა, არ ვიცი. მეორე მხარეა ის, რომ ძალიან მაღელვებს ბავშვების და ზოგადად, საზოგადოების ბედი“, – განაცხადა მალაზონიამ.