შალვა ნათელაშვილი სკოლებში უფასო კვების შემოღების მოთხოვნაზე პარლამენტარებისგან პასუხს 26 მაისამდე ითხოვს
შალვა ნათელაშვილი სკოლებში უფასო კვების შემოღების მოთხოვნაზე პარლამენტარებისგან პასუხს 26 მაისამდე ითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, სკოლებში  საბიუჯეტო სახსრებით უფასო ერთჯერადი კვების შესახებ კანონი მიიღოს. ნათელაშვილი დეპუტატებისგან საკუთარ მოთხოვნაზე პასუხს 26 მაისამდე ელის.

მისი თქმით, სკოლებში უფასო კვება განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდია.

„ეს მიმართვა პარლამენტის ყველა წევრთან გაიგზავნება და ვთხოვ მათ,რომ გვაცნობონ პასუხები ჩვენს მოთხოვნაზე 26 მაისამდე, დამოუკიდებლობის დღისთვის. იმედია, პარლამენტის ფუქსავატი წევრები ცხოვრებაში ერთხელ მაინც იფიქრებენ იმაზე, რომ მათი ჰარვარდში გაგზავნილი, ჭამა-სმით გამაძღარი შვილების გარდა, სხვის შვილებსაც სჭირდებათ კვება, განათლება, ადამიანური ყოფა.

თუ ჩახედავენ მსოფლიო პრაქტიკას, ნახავენ, რომ განვითარებულ ევროპაშიც კი, სადაც მშობლებს არ უჭირთ ბავშვების გამოკვება, სკოლებში გახლავთ უფასო საბიუჯეტო კვება. სასწავლო დღის მანძილზე ბრიტანეთში დღეში ორჯერადი კვებაა გათვალისწინებული, მოსკოვში ორჯერ კვებავენ ბავშვებს, შეერთებულ შტატებში ასევე ორჯერადი კვებაა სკოლებში”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.