ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონზე ვეტოს შემთხვევაში, პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები გაითვალისწინოს
პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, თუ პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უკვე მოტივირებული შინიშვნებიდან გამომდინარე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას, მოხდება თუ არა ვეტოს დაძლევა.
,,პრეზიდენტი თუ მიიღებს ვეტოს დადების გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს რომ კონკრეტულ შენიშვნებს გამოუგზავნის პარლამენტს. თუ კი პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ პირველ რიგში ამ შენიშვნებს ჩავხედავთ და თუ პარლამენტისთვის მისაღებია, არ არის გამორიცხული ამ შენიშვნების გათვალისწინება მოხდეს”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატებს შორისაც იყო აზრთა სხვადასხვაობა.
,,მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტშიც ბევრი დისკუსია იყო. პირველ ვარიანტთან დაკავშირებით, ბევრი შენიშვნა გამოითქვა და ბევრი რამ შეიცვალა. არის საკითხები, რომელიც ბოლომდე, მათ შორის ჩვენი კოლეგების მხრიდან სახელდებოდა, როგორც პრობლემა, მათ შორის კომერციული რეკლამის და სტარტაპების ნაწილი, მაგრამ ვინაიდან მოლაპარაკებების დროს ბევრი შენიშვნა იყო გათვალისწინებული და კანონპროექტი თვისობრიბად გადამუშავდა, თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, ამიტომ პარლამენტმა თავისი პოზიცია გამოხატა და მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პრეზიდენტზეა დამოკიდებული ,ის ხელს მოაწერს თუ არა კანონპროექტს”,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.