ჩრდილოეთ ამერიკის ნისლეული ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში
ჩრდილოეთ ამერიკის ნისლეული ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში

ჩრდილოეთ ამერიკის ნისლეული (NGC 7000) ემისიური ნისლეულია გედის თანავარსკვლავედის მიმართულებით, ჩვენგან დაახლოებით 1800 სინათლის წლის მანძილზე. ასეთი უცნაური სახელი ეწოდა იმიტომ, რომ ფორმით ძალიან ჰგავს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს.

ნისლეული საკმაოდ ვრცელია და ღამის ცაზე თითქმის ოთხი სავსე მთვარის ზომით ჩანს. თუმცა, მისი ზედაპირის სიკაშკაშე დაბალია და შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. კარგად ჩანს ბინოკლითა და ფართო ხედვის ტელესკოპებით. ეს ნისლეული 1784 წელს აღმოაჩინა ინგლისელმა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა.

საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ ჩრდილოეთ ამერიკის ნისლეული კოჯრიდან გადაიღო. სურათის ქვედა ნაწილში, დიდი ლურჯი წერტილის სახით ასევე მოჩანს ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, ჩვენგან 2620 სინათლის წლით დაშორებული დენები. ნისლეულის ზემოთ, საშუალო ზომის ყვითელი წერტილის სახით კი ხედავთ ვარსკვლავს, სახელად გედის ეპილსონი; ის ჩვენგან 73 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავური სისტემაა.

აქვე გთავაზობთ ირმის ნახტომის სპირალური მკლავის შთამბეჭდავ ხედს, რომელიც ასევე ირაკლი გედენიძემ გადაიღო.

შეგახსენებთ, რომ 1tv.ge-ზე ახალი რუბრიკა დაიწყო, რომელიც თვეში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ირაკლი გედენიძის ასტროფოტოებს.