მთვარის, ვენერას და შორეულ ვარსკვლავთა ჰალოების იშვიათი კადრები ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში
მთვარის, ვენერას და შორეულ ვარსკვლავთა ჰალოების იშვიათი კადრები ირაკლი გედენიძის ასტროობიექტივში

ჰალო ოპტიკური ფენომენია, რომელიც ალბათ უკვე გინახავთ მთვარის ან მზის გარშემო, მაგრამ იშვიათად ვხედავთ ვარსკვლავებისა და პლანეტების ირგვლივ.

ეს ფენომენი ჩნდება მაშინ, როდესაც მოკაშკაშე ობიექტის სინათლე დედამიწის ატმოსფეროში შემოდის. თუ ამ დროს იქ, სინათლეს გზად შეხვდა ყინულის ციცქნა კრისტალები ან წყლის წვეთები, მათში გავლისას ხდება ამ სინათლის გარდატეხა და შედეგად, წარმოიქმნება ჰალო.

საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ თებერვლის რამდენიმე ცივი ღამე სწორედ ჰალოებზე „ნადირობას“ მიუძღვნა.

ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ კასიოპეას თანავარსკვლავედის ორი ვარსკვლავის უიშვიათეს ჰალოს. ზედა ვარსკვლავი კასიოპეას დელტაა, სახელად რუკბაჰი, ჩაბნელებადი ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავი, რომელიც ჩვენგან 99,4 სინათლის წლით არის დაშორებული; რაც შეეხება ქვედა ვარსკვლავს, ის კასიოპეას გამაა, რომელსაც ხშირად ნავისაც უწოდებენ; ის დედამიწიდან დაახლოებით 550 სინათლის წლით არის დაშორებული.

ამ ფოტოზე კი ხედავთ მთვარისა და პლანეტა ვენერას ტანდემს, ორივე მათგანს გარს აკრავს თვალწარმტაცი ჰალო. აღსანიშნავია, რომ პლანეტის ჰალო ერთ-ერთი უიაშვიათესი სანახაობაა.

ეს კი გახლავთ ღამის ცის მეექვსე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი კაპელა, ოფიციალური სახელით მეეტლის თანავარსკვლავედის ალფა. მართალია, ჩვენ მას ერთი ვარსკვლავის სახით ვხედავთ, მაგრამ სინამდვილეში, კაპელა ოთხმაგი ვარსკვლავური სისტემაა, რომელიც ოთხი სხვადასხვა ვარსკვლავისგან შედგება. მდებარეობს ჩვენგან 42,9 სინათლის წლის მანძილზე.

რაც შეეხება ამ ვარსკვლავს, ეს პერსევსის თანავარსკვლავედის ალფაა, რომელსაც წარსულში მირფაკს უწოდებდნენ. საკმაოდ კარგად ჩანს შეუიარაღებელი თვალით; დედამიწიდან დაშორებულია 510 სინათლის წლით.

და ბოლოს, თქვენ წინაშეა ულამაზესი მყინვარწვერის თავზე აკიაფებული ვარსკვლავი ალფერაცი, იგივე ანდრომედას ალფა და მისი შთამბეჭდავი ჰალო. ის ჩვენგან 97 სინათლის წლით არის დაშორებული.