ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა ჩეხეთის პრიორიტეტების სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის განცხადებით, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა ჩეხეთის პრიორიტეტების სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
ამის შესახებ ჩეხმა დიპლომატმა პრაღაში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკუ პოპესკუსთან შეხვედრისას განაცხადა.
„მე დავარწმუნე მინისტრი პოპესკუ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას არა მხოლოდ კონკრეტულად, არამედ ასევე პოლიტიკურადაც, განსაკუთებით მათ ევროპულ ამბიციებში, ისევე როგორც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. მე მას მივაწოდე ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში ჩვენი ევროპული პრიორიტეტების შესახებ, სადაც უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა ჩვენი პრიორიტეტების სიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ.
ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას პირველი ივლისიდან გადაიბარებს.