ჩეხეთის პრეზიდენტი - ევროპამ დიდი როლი უნდა ითამაშოს რუსეთის შეკავებაში, მე დახმარების ახალი გზების ძებნის, მათ შორის უკრაინაში ჯარების შესაძლო ყოფნაზე დისკუსიის გაგრძელების მომხრე ვარ
ჩეხეთის პრეზიდენტი - ევროპამ დიდი როლი უნდა ითამაშოს რუსეთის შეკავებაში, მე დახმარების ახალი გზების ძებნის, მათ შორის უკრაინაში ჯარების შესაძლო ყოფნაზე დისკუსიის გაგრძელების მომხრე ვარ

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ ევროპამ არ უნდა შეიზღუდოს თავი უკრაინის მხარდაჭერაში.

პაველის თქმით, მნიშვნელოვანია დახმარების გაფართოება, მათ შორის ემხრობა უკრაინაში უცხოური ჯარების შესაძლო ყოფნის შესახებ დისკუსიის გაგრძელებას. პაველმა აღნიშნა, რომ საუბარია არა საბრძოლო ნაწილების გაგზავნაზე, არამედ დახმარების სხვა ფორმებსა და „არასაბრძოლო მონაწილეობაზე“.

„მე მომხრე ვარ ახალი გზების ძებნის, მათ შორის უკრაინაში ჯარების შესაძლო ყოფნის შესახებ დისკუსიის გაგრძელების. ნუ შევიზღუდავთ თავს იქ, სადაც არ უნდა შევიზღუდოთ. ევროპამ დიდი როლი უნდა ითამაშოს რუსეთის შეკავებაში“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

პაველის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, უკრაინელი ჯარისკაცები ტრენინგს დასავლელ ინსტრუქტორებთან საზღვარგარეთ გაივლიან თუ ეს მოხდება უკრაინაში.

„უკრაინა, იმის მიუხედავად, რომ მასზე თავდასხმა განხორციელდა, სუვერენული ქვეყანაა. შესაძლო ტრენინგი არ არღვევს არცერთ საერთაშორისო წესს. ჩვენ თვითონ ვწყვეტთ, დახმარების რა ფორმას ავირჩევთ“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად გამართული საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. მისივე თქმით, „დასავლეთის ქვეყნებს შორის ახლა არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული“.

ამავდროულად, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ პარიზში ყველაზე ცხარე დისკუსია უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაგზავნის საკითხზე იყო, თუმცა მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს.