ემანუელ მაკრონი - დასავლეთის ქვეყნებს შორის ახლა არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული
ემანუელ მაკრონი - დასავლეთის ქვეყნებს შორის ახლა არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში არაფერია გამორიცხული

პარიზში უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 20 სახელმწიფოს ლიდერი მონაწილეობდა. კონფერენციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინ ესწრებოდა.

ზელენსკიმ არაფორმალური სამიტის მონაწილეები შვეიცარიაში დაგეგმილ „სამშვიდობო სამიტზე“ მიიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ სამიტის მონაწილე ქვეყნები შეთანხმდნენ იმ სახელმწიფოების მიმართ სანქციებზე მუშაობაზე, რომლებიც, მისი თქმით, ეხმარებოდნენ რუსეთს უკრაინის გამო დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეები შექმნიან კოალიციას უკრაინისათვის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებისთვის.

მისივე თქმით, პარიზში გამართულ კონფერენციაზე ლიდერებმა განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

„ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე, მაგრამ მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა მაკრონმა.