ჩაჟაშის მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესი 2020 წელს დასრულდება
სვანეთის არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.
სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე ჩაჟაშში მდებარე 50-მდე კოშკიდან და მაჩუბიდან უკვე სრულად აღდგენილია 30-ზე მეტი ისტორიული ძეგლი. დასრულდა ადგილობრივი ეკლესიის ქვის საკონსერვაციო და სახურავის მოწყობის სამუშაოებიც.
მათივე ინფორმაციით, სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის სტრატეგიული პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარეაბილიტაციო სამუშაოებს მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც ახორციელებს, სადაც გასული სამი წლის განმავლობაში უკვე აღდგა 70 – მდე სვანური კოშკი და მაჩუბი.
არსებული მონაცემებით, სვანეთში შემორჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 160 – მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს.
უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი, რომელიც მუზეუმადაა გამოცხადებული, 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს და 11 ხალხურ საცხოვრებელს აერთიანებს. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი.
გადმოცემის თანახმად, ჩაჟაში თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესი, რომელიც სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, 2020 წელს დასრულდება.
რეაბილიტაციის პროცესს, 2016 წლიდან, სააგენტო თანადაფინანსების სახით ფონდ „ქართუსთან“ ერთად ახორციელებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო პროექტებში, სახელმწიფო უწყების ერთე-ერთი მთავარი დონორი ორგანიზაციაა.