ცესკო - სოციალური ქსელებით შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის კანონმდებლობის არცოდნა ან საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა
ცესკო - სოციალური ქსელებით შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის კანონმდებლობის არცოდნა ან საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა

სოციალურ ქსელებში კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში (პენიტენციური დაწესებულება) არსებულ დისბალანსთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის არცოდნას ან საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რაც აზიანებს საარჩევნო პროცესს და იწვევს უნდობლობას არჩევნების შედეგების მიმართ, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ცესკო განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ძირითადად, ამომრჩევლებზე გაიცემა სამი სახის საარჩევნო ბიულეტენი (პროპორციული, მაჟორიტარული, მერი). საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, რიგ შემთხვევებში ამომრჩეველს (პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებსა და მსჯავრდებულებს) არ აქვს ყველა სახის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამომრჩეველზე შეიძლება გაიცეს ან სამივე სახის არჩევნებისთვის განკუთვნილი, ან მხოლოდ პროპორციული ან მხოლოდ მერის არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი.

ამომრჩეველზე გასაცემი საარჩევნო ბიულეტენების სახეობის და რაოდენობის მიუხედავად, ამომრჩევლის მიერ სამაგიდე სიაში კეთდება მხოლოდ ერთი ხელმოწერა.

კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობის დათვლის შემდეგ სამივე სახის შემაჯამებელ ოქმში (საუბნო პროპორციული, საუბნო მაჟორიტარული, საუბნო მერი) შეიტანება კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის საერთო, – ერთი და იგივე მონაცემი, მიუხედავად იმისა ამომრჩეველზე სამივე სახის არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი იქნა გაცემული თუ არა.

შესაბამისად, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში (საუბნო მერი და საუბნო მაჟორიტარული) ნამდვილი და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამის ნაკლებობა კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებით არის კანონისშესაბამისი და არა საარჩევნო ბიულეტენების არასწორად დათვლისა და შემაჯამებელი ოქმების არასწორად შედგენის შედეგი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილ სპეციალურ საარჩევნო უბანზე (N86), სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არის 101, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა მიღებული აქვს მხოლოდ იმ 20 (1 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი) ამომრჩეველს, რომლებიც შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში არიან რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილე 94 პირიდან, მხოლოდ 19 ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობა; პროპორციულ ნაწილში კი კენჭისყრაში 94-მა პირმა მიიღო მონაწილეობა და ამავე სპეციალურ უბანზე მერის არჩევნებში – 75-მა პირმა“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.