სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართავენ, რომ კომპანიის საქმით დაინტერესდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ცენტრ-პოინტის“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ირმა თხელიძემ მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების უფროსთან, მამუკა ასათიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირმა თხელიძის თქმით, დაზარალებულებმა ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი. ისინი ითხოვენ, რომ პრემიერმა პროკურატურიდან საქმის მასალები გამოითხოვოს.
„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების უფროსს მამუკა ასათიანს რამდენიმე საათის წინ შეხვდნენ. შეხვედრამდე, „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
დაზარალებულთა ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეა მშენებლობის გაგრძელებასა და სავარაუდო შუამავალ კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმებას ელოდებიან.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მთავრობისგან დახმარებას მოითხოვენ.