კახა კალაძე - მინდა, სიხარულითა და სიამაყით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია, ყველა დაზარალებული მიიღებს საკუთარ ფართს
კახა კალაძე - მინდა, სიხარულითა და სიამაყით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია, ყველა დაზარალებული მიიღებს საკუთარ ფართს

არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემებს, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამ პრობლემებში ეძებენ შესაძლებლობებს და ზუსტად ასეთი გუნდი ვართ ჩვენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს შენობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა მოგვარებულია და ასევე მოგვარდება სხვა დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემაც.

„ვფიქრობდი, როგორ დამეწყო საუბარი თემაზე, რომელიც ჩემი ოთხწლიანი მერობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ემოციურია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 6 000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი, ემოციურია ძალიან ბევრი რამის გამო.

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ახლობელს, მეგობარს, ნათესავს პირდაპირ თუ ირიბად არ შეხებოდა ეს პრობლემა. და მაინც ვიტყოდი, რომ ეს არის ქართველი ემიგრანტების მძიმე ისტორია;  უბინაოდ დარჩენილი დედების, მამების, ბებიების, ბაბუების ისტორია; ამბავი საკუთარი პატარების აღზრდის ნაცვლად, უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს თანამოქალაქეებზე.

უდედოდ გაზრდილი პატარები უკვე დიდები არიან და კარგად აცნობიერებენ, რა გზა გაიარეს მათმა მშობლებმა.

ეს გზა ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ, ვნახეთ, რა შედეგი მოაქვს ქაოტურ მშენებლობას, როგორ ამახინჯებს ქალაქს დაუსრულებელი, ჩონჩხებად აღმართული შენობები და რაც მთავარია, რა კვალს ტოვებს ჩვენს ცნობიერებაზე ძალადობა საკუთარ ქალაქსა და მოქალაქეებზე.

ეს შესავალი იმისათვის გავაკეთე, რომ დღევანდელი ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე, ჩვეულებრივი ახალი ამბავი, არამედ ამ ადამიანების თვალით, თითოეული დაზარალებულის თვალით დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს პრობლემა.

რასაკვირველია, დღევანდელი ამბავი ეხება „ცენტრ პოინტის“ პრობლემას. მინდა, სიხარულითა და სიამაყით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. ყველა დაზარალებული ოჯახი, დაზარალებული ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს, ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია, ვართ გარანტორი იმისა, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხით და რა თქმა უნდა, დათქმულ ვადებში.

თბილისის მერიაში მოსვლის პირველი დღიდანვე ჩვენმა გუნდმა შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა უფლება, მიეღო გადაწყვეტილებები დაუსრულებელი ობიექტებისთვის და დაეშვა გამონაკლისები.

კომისიამ განიხილა 50-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა და დააკმაყოფილა 30-ზე მეტი მოთხოვნა, მათ შორის ისეთები, როგორიცაა – „სვეტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“, „აქსისი“ და სხვა წლობით დაუსრულებელი ობიექტი.

ათასობით ოჯახს დაუბრუნა იმედი და დაუბრუნდა საკუთრება. თუმცა, პირველი დღიდანვე ცხადი იყო, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა თავისი სირთულით და მაშტაბებით უპრეცედენტოა.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემებს, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამ პრობლემებში ეძებენ შესაძლებლობებს და ზუსტად ასეთი გუნდი ვართ ჩვენ.

ჩვენ როდესაც სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების პრობლემა მოვაგვარეთ, ჩემს გამოსვლაში ვთქვი ასეთი რამ და მინდა, ახლა გავიმეორო: „წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი“. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე პატარა კომპანიის მიერ დაზარალებული ოჯახები, რასაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და ამ ადამიანებს, ამ ოჯახებსაც დავაკმაყოფილებთ საცხოვრებელი ფართებით. არც ერთი ადამიანი არ დარჩება უბინაოდ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებული მშენებლობების პრობლემის მოგვარებაში ჩართულ ყველა ადამიანსა და უწყებას.

„ვულოცავ თბილისს, რომელსაც ასევე უდიდეს ტვირთად აწვა ეს მშენებლობები. ვულოცავ და მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ მოლაპარაკებებში. განსაკუთრებული მადლობა საინიციატივო ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან იყო ჩვენთან კომუნიკაციაში.

შეიძლება, ხანდახან იყო იმედგაცრუება. ბევრს შეიძლება, არ სჯეროდა, რომ ჩვენ შევძლებდით ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ დღეს ვართ ყველანი ბედნიერები, რომ ეს პრობლემა მოგვარებულია.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილე ილია ელოშვილს, რომელიც რომელიც ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას და ბევრი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული, ასევე საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს, კომისიას, რომელიც პირველივე დღიდან მუშაობდა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო უწყებებს. რომ არა ეს ერთობლივი თანამშრომლობა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება. მინდა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ცენტრალურ ხელისუფლებას, პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საჯარო რეესტრს, პარლამენტს და მთლიანად ცენტრალურ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გადავუხადო დიდი მადლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დღესვე საკრებულოს შენობაში მემორანდუმი გაფორმდა მერიასა და ინვესტორ კომპანიებს შორის.