მაია რჩეულიშვილმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა
მაია რჩეულიშვილმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო დატოვა

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

მაია რჩეულიშვილმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას და ბოდიში მოუხადა დაზარალებულებს.

„ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მადლობა მერიას, რომელიც ძალიან გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა. ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დამთავრდება. დაზარალებული ხუთი დიდი ობიექტი დასასრულებელია, დანარჩენ ობიექტებზე მიდის სარემონტო სამუშაოები. მთავარია, რომ თავად ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც გარანტორია ამ საქმის დამთავრების.

საპროცესო გაფორმდა მიონის ობიექტზე. მიონის ობიექტის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის, რისთვისაც ვიჯექი ციხეში“, – განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ მაია რჩეულიშვილმა.

მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

„დღეს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება მაია რჩეულიშვილთან და „ცენტრ პოინტის“ პრობლემები, ფაქტობრივად, დაზარალებულების პრობლემები ამოიწურა. უახლოეს მომდევნო პერიოდში ეს ადამიანები მიიღებენ კუთვნილ ფართებს. ამ საკითხის მოსაგვარებლად, მაია რჩეულიშვილის წვლილი ძალიან დიდია. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარება მოხერხდა იმ ქონებით, რა ქონებაც „ცენტრ პოინტს“ წლების განმავლობაში ჰქონდა სრულიად ლეგალურად, კანონიერად და სწორედ ამ ქონების რეალიზაციით. ინვესტორებზე გადაცემით ხდება დაზარალებულთა უფლებების დაკმაყოფილება. მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს. მისი გათავისუფლების შემდეგ, „ცენტრ პოინტის“ ყველა საქმე უნდა იყოს დასრულებული. განაჩენი სასამართლომ მიიღო და ციხეზე გადმოგზავნა“, – აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

„ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2019 წლის აპრილში გამოუტანა და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ორი დღის წინ განაცხადა, რომ „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემა მოგვარებულია. „მინდა, სიხარულითა და სიამაყით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. ყველა დაზარალებული მიიღებს საკუთარ ფართს“, – განაცხადა კახა კალაძემ.