ილია ელოშვილი - კახა კალაძის ურყევი ნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დაუსრულებელი მშენებლობების პროექტების განხორციელება
ილია ელოშვილი - კახა კალაძის ურყევი ნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა დაუსრულებელი მშენებლობების პროექტების განხორციელება

„ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია და განხორციელების ფაზაში გადავდივართ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა აღნიშნულ საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების პრობლემა კახა კალაძის დავალებით და საქართველოს მთავრობასთან მისი პირდაპირი კოორდინაციით გადაიჭრა.

„დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ცენტ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია და განხორციელების ფაზაში გადავდივართ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ დროულად დასრულდეს ეს პროექტები. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში ჩართული იყო. განსაკუთრებული მადლობა კახა კალაძეს. რომ არა მისი ურყევი ნება დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრებისა, შეუძლებელი იქნებოდა ამ პროექტების განხორციელება“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

ილია ელოშვილის განცხადებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში განსაზღვრული ვადების შესრულების გარანტორი თბილისის მერია იქნება.

„რაც შეეხება დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერას, თქვენ გახსოვთ, რომ თავიდანვე შევიმუშავეთ ე.წ. ზიარჭურჭლის პრინციპი – არ არსებობდნენ პრივილეგირებული ობიექტები და დაზარალებულები. დღევანდელ მემორანდუმში თითოეული ობიექტის მიხედვით, განსაზღვრულია დასრულების ვადები, რომლის შესრულების გარანტორი თბილისის მერიაა. მემორანდუმში მონაწილე კომპანიები ორ ნაწილად იყოფიან – ერთი არის ე.წ. სარემონტო ობიექტების შემსრულებელი კომპანიები, მეორე – საინვესტიციო ობიექტების ინვესტორები. აღნიშნულ მემორანდუმს დაზარალებულებს საინიციატივო ჯგუფი გააცნობს, რომელიც აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სამომავლო მონიტორინგისთვის ერთგვარი ინსტრუმენტი გახდება“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.