„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
„ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების საკითხს გამოეხმაურა.

კალაძის განცხადებით, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი და დაზარალებული ადამიანების პრობლემის მოსაგვარებლად მერია ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად მუშაობს.

ამასთან, კალაძის თქმით, მომდევნო კვირაში მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან და დეველოპერებთან გაფართოებული შეხვედრის გამართვას გეგმავს, რათა მათთან განიხილოს ყველა ის პროექტი, რომელიც დასასრულებელია.

„აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, ყოველ კვირას გვაქვს შეხვედრები. შევქმენით სპეციალური საინიციატივო ჯგუფი დაზარალებული ადამიანებისგან და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ. მინდა, მივმართო სამშენებლო სექტორს, დეველოპერებს, ჩვენ უკვე მივედით იმ ეტაპზე, სადაც გვჭირდება თქვენი ჩართულობა და თანადგომა. მომავალ კვირას ვგეგმავთ, გავმართოთ დიდი შეხვედრა თქვენთან და წარმოგიდგინოთ ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დამთავრდეს. ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ფართები დაიბრუნონ, რაშიც თანხები აქვთ გადახდილი. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე იმ ოჯახებს, რომლებიც რამოდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებიან მძიმე და გაურკვეველ მდგომარეობაში, მიმართავს, რომ მერია მათი პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს გააკეთებს.

კახა კალაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ბევრი დეველოპერი და სამშენებლო კომპანია გამოეხმაურება.

„ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რათა ეს პროექტები დროულად დასრულდეს“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე, კალაძემ ისაუბრა სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დაზარალებულების საკითხზეც. კალაძის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება და დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

„იცით, რომ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანების პრობლემა უკვე მოვაგვარეთ და წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანია მ2-თან. უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები. დაზარალებულ ადამიანებს გადაეცემათ თავიანთი საცხოვრებელი ფართები, რაშიც თანხები ჰქონდათ გადახდილი“, – განაცხადა კალაძემ.