ბუტა რობაქიძის საქმის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ყოფილი გამომძიებელი დაიკითხა
ბუტა რობაქიძის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დღეს იმ იარაღის მფლობელი გამომძიებელი დაიკითხა, რომელიც 2004 წელს რობაქიძისა და მისი მეგობრების დაკავების საქმეში ფიგურირებდა. საუბარია იარაღზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.
როგორც გამომძიებელმა ნუგზარ გვაზავამ განაცხადა, იარაღი მას 2008 წელს აჩუქა ყოფილმა გამომძიებელმა შალვა მიქაბაძემ. იარაღის რეალურ წარმომავლობასთან დაკავშირებით კი, 2012 წელს შეიტყო.
„მე 2008 წელს დავინიშნე. როცა დავინიშნე, შალვა მიქაბაძემ მითხრა, რომ ყვარელში თუ ჩავიდოდი, კარგ იარაღს მაჩუქებდა. შემდეგ, მოგვიანებით, შალვას ვკითხე შეპირებულ იარაღზე, მაშინ გუდაურში იყო. მითხრა რომ ჩამოვიდოდა, ამ დროს, მე ყვარელში გიორგი გეგეგშიძის ოჯახში ვიყავი. სუფრაზე ვისხედით და მერე მაჩვენა საბარგულიდან იარაღი, კარგი იარაღი იყო. გჩუქნიო მითხრა. ვკითხე, გაფორმდებოდა თუ არა, მითხრა ახლობელზეა გაფორმებულიო“, – განაცხადა გვაზავამ.
მისი თქმით, იარაღი ჩვეულებრივ გაიფორმა, ყვარლიდან მისი წამოსვლის შემდეგ კი, მსგავსი ტიპის იარაღი ხმარებიდან ამოიღეს.
„კანონი ბევრჯერ შეიცვალა იარაღის ტარებაზე. 2012 წლის დეკემბრის ბოლოს გავიგე, ამ იარაღთან დაკავშირებით“, – განაცხადა მოწმემ პროცესზე.
ბუტა რობაქიძის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დღეს შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხა. ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულნი არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი და ძებნილი ზაზა ბაქრაძე. კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გვაზავა გარდაიცვალა.