ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესი ვიდეოექსპერტის დაკითხვით დღეს გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ვიდეოექსპერტის დაკითხვა განახლდება.
მოწმეს დაცვის მხარე დაკითხავს. ასმათ მარუშევსკაია წინა პროცესზე ბრალდების მხარემ დაკითხა.
მოწმემ, რომელმაც საქმის მთავარ მტკიცებულებას, 10 წუთიან ვიდეოჩანაწერს ექსპერტიზა ჩაუტარა თქვა, რომ მონტაჟია და მასში არის უხეში წყვეტები, ცვლილებები, სპეცფაქტები, 47 ერთი და იგივე კადრი, ასევე ისმის ხმები, ფრაზები, რომლებიც ალოგიკურად წყდება.
მოწმის თქმით, ვიდეომასალაში არის აჩქარებული კადრები. ექსპერტთან არაერთი კითხვა აქვთ ბრალდებულებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მოწმეს არ ენდობიან.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდების მხარემ რამდენიმე პროცესის წინ, ამავე საქმიდან გამოყოფილ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები სასმართლოში მიიტანა. მოსამართლემ ეს დასკვნა საქმეს დაურთო, რის შემდეგაც პროკურატურამ ექსპერტის დაკითხვა მოითხოვა. საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილ თანამშრომლებს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებად ბრალად.