ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურამ დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, განაჩენი წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს
ბუტა რობაქიძის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე დღეს პროკურატურამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.
დასკვნით სიტყვას პროკურორები ოთხი საათის განმავლობაში კითხულობდნენ, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ 2004 წელს ბუტა რობაქიძესა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს იარაღები არ ჰქონიათ და საქმე სამართალდამცველებმა გააყალბეს.
პროკურატურის მხრიდან დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას ერთ-ერთი ბრალდებულის, გურამ დონაძის პროტესტი მოჰყვა. ბრალდებული ზაზა ბაქრაძე კი, დასკვნით სიტყვას ეთანხმება.
„მოგეხსენებათ, რვა თვის წინ მივეცი აღიარებითი ჩვენება. ვეთანხმები მათ დასკვნით სიტყვას და არანაირი უფლება არ მაქვს, არ დავეთანხმო. ვიცი, რომ დანაშაული მაქვს ჩადენილი და მათ წინააღმდეგობას ვერ გავუწევ. ვერ წარმომედგინა, რომ ამდენი მტკიცებულება იქნებოდა. ჩემი შეფასებით, ბევრი მტკიცებულებაა“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.
ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას მთავარი საგამოძიებო უწყება ხუთ პირს – გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, ზურაბ მიქაძესა და დავით იაშვილს ედავება. ბრალდებულთაგან დანაშაულს მხოლოდ ზაზა ბაქრაძე აღიარებს.
საქმეზე განაჩენი მოსამართლემ 2018 წლის ბოლომდე უნდა გამოაცხადოს.