ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე ბრალს ეთანხმება და აცხადებს, რომ მკვლელობის ადგილზე იარაღი არ ყოფილა
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, ძებნილი, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე წარდგენილ ბრალს ხუთი წლის შემდეგ სრულად ეთანხმება. მან დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რობაქიძის მკვლელობის ადგილი თავად დაათვალიერა და იქ იარაღი არ ყოფილა.
როგორც ბაქრაძემ პირველ არხს განუცხადა, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისგან არსებობდა განკარგულება, რომ საქმეზე გამტყუნებულიყვნენ ახალგაზრდები და არა გიორგი ბაშალეიშვილი, რომელმაც შემთხვევითი გასროლით ბუტა რობაქიძის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნული სახის განკარგულების შესახებ მას დღეს ბრალდებულის სკამზე მყოფმა, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ზურაბ მიქაძემ პირადად უთხრა.
„თავიდან ბოლომდე ვეთანხმები წარდგენილ ბრალს. ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მოხდა ის, რაც საზოგადოებამ უკვე იცის. საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდები გააჩერა, მათ შორის მცირე შეკამათება მოხდა და დამხმარე ჯგუფი გამოიძახეს, მათ შორის ბაშალეიშვილი, რომელმაც შემთხვევით გაისროლა და დაიჭრა ბუტა რობაქიძე, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან მალევე გარდაიცვალა. ახლა რასაც ვამბობ, ეს ყველაფერი მომხდარიდან 40 წუთში გავიგე. მე ვიყავი ალექსანდრე გვაზავას – მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. კერძოდ, თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის თანამდებობა მეკავა. შეთხვევის ადგილზე მივედი და დამხვდა ზურაბ მიქაძე, გურამ დონაძე და პოლიციის ძალიან ბევრი მანქანა, ასევე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევის ადგილი დათვალიერებული მაქვს თავიდან ბოლომდე, არანაირი იარაღი იქ არ ყოფილა. არ მინახავს – ეს სხვა რამეა. როცა იცი, რომ იარაღი არ არის და გეუბნებიან, რომ ახლა გავალთ და მოვიტანთ – ეს კიდევ სულ სხვა რამეა“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.
მისი თქმით, მაშინ ადგილზე ყველა ის პირი იმყოფებოდა, რომელიც დღეს საბრალდებო სკამზეა.
“ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროს მიქაძეს შევეკითხე, თუ რა მოხდა. მან მითხრა, რომ გააჩერეს ახალგაზრდები, ბაშალეიშვილს გაუვარდა იარაღი და გარდაიცვალა ერთი ახალგაზრდა. მე ვუთხარი, რომ დააკავეთ ბაშალეიშვილი და გამოძიება დაიწყოსთქო. ამას ვერ გავაკეთებო, მითხრა მიქაძემ. ვუთხარი რატომ ვერ გააკეთებ თუ გაუვარდა, ეს ხომ განზრახ მკვლელობა არ არისმეთქი. მან ასევე თქვა, რომ განკარგულებაა ასეთი – არ უნდა გამტყუნდეს პატრული, უნდა გამტყუნდნენ დაკავებული ახალგაზრდებიო. ამ დროს ადგილზე ვიყავით ყველა, ვინც ახლა საბრალდებო სკამზე ზის“, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ, რომელიც ხუთი წელია იძებნება.
ზაზა ბაქრაძეს ბრალად ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ედება.
ზაზა ბაქრაძესთან კომენტარი პირველმა არხმა skype-ის საშუალებით ჩაწერა.