პროკურორი - თუ ზაზა ბაქრაძეს ჩვენების მიცემის სურვილი ექნება, უშუალოდ თუ დისტანციურად, აუცილებლად დაიკითხება
პროკურორი - თუ ზაზა ბაქრაძეს ჩვენების მიცემის სურვილი ექნება, უშუალოდ თუ დისტანციურად, აუცილებლად დაიკითხება

თუ ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს ჩვენების მიცემის სურვილი ექნება, როცა ეს ეტაპი მოვა, უშუალოდ თუ დისტანციურად, ის აუცილებლად დაიკითხება, – განაცხადა ბუტა რობაქიძის საქმის პროკურორმა, დავით ნეფარიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის დროს ყველა ეტაპს თავისი სამართლებრივი პროცედურა აქვს. ბრალდების საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ის აუცილებლად დაიკითხება და დაისმება ყველა ის შეკითხვა, რაც ბრალდების და დაცვის მხარეს აქვს“, – განაცხადა ნეფარიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ დაუკავშირდა პროკურატურა ზაზა ბაქრაძეს, რომელმაც ამდენი წლის შემდეგ ქართულ მედიას აღიარებითი ჩვენება მისცა და რომელიც მზად არის, საგამოძიებო სტრუქტურასთან ითანამშრომლოს, რობაქიძის საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ძებნაში მყოფ პირთან პროკურატურას კავშირი არ და ვერ ექნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბრალდების მხარისთვის დაუდგენელია მისი კონკრეტული ადგილსამყოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი, „სკაიპ“ მისამართი და სხვა საკომუნიკაციო ინფორმაცია, რისი მეშვეობითაც მასთან კავშირის დამყარება შესაძლებელი იქნებოდა.

„კავშირის დამყარებასაც თავისი სამართლებრივი ჩარჩო აქვს, რაც სასამართლო სხდომაზე მისი ბრალდებულის სახით დაკითხვას ნიშნავს“, – განაცხადა პროკურორმა. 

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად ცვლის საქმის გამოძიებას ზაზა ბაქრაძის განცხადება და მოსალოდნელია თუ არა ერთი მხრივ, ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდეთ, ხოლო მეორე მხრივ, საქმეში ახალი ბრალდებულები გამოჩდნენ, ნეფარიძემ განაცხადა, რომ ზაზა ბაქრაძის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება ბრალდებულებისთვის წარდგენილ ბრალდებას და იმ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებს, რასაც ბრალდების მხარე სასამართლო სხდომების განმავლობაში ამტკიცებს.

„რაც შეეხება სხვა პირების მიმართ შესაძლო სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, მას შემდეგ, რაც ზაზა ბაქრაძე გამოძიებასა და სასამართლოში დეტალურად დაიკითხება, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასდება და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირის ან პირების მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის მტკიცებულებათა სტანდარტი იარსებებს, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს წარმოადგენს, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა აუცილებლად დაიწყება“, – განაცხადა დავით ნეფარიძემ.