ბუტა რობაქიძის მეგობარი - მითხრეს, რა აზრი აქვს, ხელყუმბარას რომ აგდებ, მაინც ჩაგიდებთ და ხელი მოკიდეო
ბუტა რობაქიძის მეგობარი - მითხრეს, რა აზრი აქვს, ხელყუმბარას რომ აგდებ, მაინც ჩაგიდებთ და ხელი მოკიდეო

შემთხვევის ადგილზე ხელყუმბარა ზაზა ბაქრაძემ ჩამიდო, რის შესახებაც პროკურატურასაც განვუცხადე, როცა ის სურათებით ამოვიცანი, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მეგობარმა და ე.წ. სპეცოპერაციისას დაკავებულმა, აკაკი ბართაიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს პიროვნება ახლა ცოტა შეცვლილია, რადგან 13 წელი გავიდა, მაგრამ მაშინ როგორი იყო, ზუსტად მახსოვს. მე და ლევან დანგაძე ერთად ვიყავით და ბაქრაძემ ცალ–ცალკე გაგვიყვანა. მაშინ ხელყუმბარა უბეში ჩამიდეს და ფეხის ტოტიდან გამივარდა. შემდეგ პირდაპირ ჯიბეში ჩამიდეს და მითხრეს, რა აზრი აქვს, რომ აგდებ, მაინც ჩაგიდებთ და ხელი მოკიდეო, მაგრამ ხელი არ მოვკიდეთ“, – განაცხადა ბართაიამ.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ყველაფერს გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე ხელმძღვანელობდნენ.

„ყველას უყვიროდნენ, ასე ქენით, ისე ქენითო. დონაძე ყველას ეუფროსებოდა. მაშინ არც ვიცოდით, დონაძე ვინ იყო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, ყველაფერი ეგ იყო“, – განაცხადა ბართაიამ.

გადაცემაში სტუმრად მყოფი ზურაბ მიქაძის ადვოკატის, კობა კობახიძის შეკითხვაზე, რატომ არ გაუჩნდა ემოცია ზაზა ბაქრაძის მიმართ, რომელიც გადაცემაში იხილა და რომელმაც მტკიცებულება გაუყალბა, აკაკი ბართაიამ აღნიშნა, რომ პუბლიკაზე არ თამაშობს.

მანამდე კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ „სკაიპით“ ჩაერთო და განაცხადა, რომ აკაკი ბართაიას, რომელიც იმავე გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა, ხელყუმბარა თავად ჩაუდო.