ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმონ
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ ზაზა ბაქრაძეს ადვოკატი გლდანის ციხეში ხვდება.
როგორც ადვოკატმა ზაზა შანავამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, ის დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციებს მოისმენს, რის შემდეგაც შესაძლებელია, დაცვის მხარემ ბაქრაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს.
ბაქრაძის მხრიდან აღიარებითი ჩვენების შემდეგ ადვოკატი საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობაზე პროკურატურასთან ამ ეტაპზე არ საუბრობს.
როგორც ზაზა შანავამ აღნიშნა, ჯერ არ აქვს ინფორმაცია შედგა თუ არა რაიმე კომუნიკაცია ბრალდებულსა და გამოძიებას შორის.
„თავის მხრივ ის, რომ ზურაბ ბაქრაძემ სატელევიზიო ეთერით აღიარა წარდგენილი ბრალი უკვე შემამსუბუქებელ გარემოებას ნიშნავს, თუმცა საპროცესო გარიგებაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ”, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მარტს არის ჩანიშნული და არ არის გამორიცხული, აღნიშნულ სხდომაზე ზურაბ ბაქრაძე დაიკითხოს.
თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას ბრალად ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ედება ბრალად. ბაქრაძე 5 წელია ძებნილად ითვლება და მან საქართველოს საზღვარი გუშინ გამოკვეთა, მანამდე კი სატელევიზიო ეთერით დანაშაული აღიარა.