ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პატრულის ყოფილი თანამშრომელი იკითხება 
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პატრულის ყოფილი თანამშრომელი იკითხება 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე, პატრულის ყოფილი თანამშრომელი გიორგი კოპალეიშვილი იკითხება. მოწმის თქმით, 2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა.

„როდესაც მივედი ადგილზე, დავინახე ერთი პისტოლეტი და ერთი იარაღი. შემდგომ გავედი პერიმეტრზე, იქ ვიდექი დაახლოებით 40 წუთი. მერე მთხოვა ერთ-ერთმა შეცვლა პერიმეტრის შიგნით და შევცვალე. უკან რომ მივედი, ჩხრეკა იყო და დავინახე კიდევ იარაღები. ეს სხვა ავტომატი იყო, არა ის, რომელიც თავიდან ვნახე.

შემთხვევის ადგილზე იყვნენ გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, გრიგალაშვილი და ფირცხალავაც – ესენი მახსოვს“, – განაცხადა პროცესზე მოწმემ.

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი და ძებნილი ზაზა ბაქრაძე. კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გვაზავა გარდაიცვალა. ცალკე წარმოებად გამოიყო მაიზერ ლიპარტელიანის საქმე, რომელმაც სხვადასხვა დროს გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა.