ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე გადაცემა „პატრულის“ პროდიუსერი დაიკითხა
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარემ გადაცემა „პატრულის“ პროდიუსერი ქეთი ხოსიტაშვილი დაკითხა.
მოწმის განმარტებით, მისმა თანამშრომელმა, ამავე გადაცემის ჟურნალისტმა გოჩა მუკბანიანმა, რომელიც 2004 წლის 24 ნოემბერს შემთხვევის ადგილს იღებდა, მას უამბო, რომ ადგილზე იარაღები თავდაპირველად არ იყო და იარაღის ჩადება მოგვიანებით მოხდა.
„შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, ჩემმა თანამშრომელმა გოჩა მუკბანიანმა მომიყვა ისტორია ამ მკვლელობის შესახებ.
მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე იყო გასული ოპერატორთან ერთად, ბაშალეიშვილის მანქანაში იჯდა. როდესაც მივიდნენ, ოპერატორმა გადაღება დაიწყო და თქვა, რომ ჩხუბი არ ყოფილა. მერე ატყდა ჩოჩქოლი და დავინახე ძირს სისხლიანი ბიჭი იყოო. შემდეგ მუკბანიანს დაუძახა გურამ დონაძემ და სთხოვა გზის მეორე მხარეს გადასვლა, ჩასხდნენ მანქანაში სადაც იყო ზურაბ მიქაძეც და კასეტის დათვალიერება სთხოვეს.
დაათვალიერეს მასალა კამერაში, სადაც ისმოდა სროლის ხმა, თუმცა კადრი არ ჩანდაო. ამის შემდეგ დონაძემ გვითხრა მე და ოპერატორს, რომ მანქანაში მოიცადეთო. მუკბანიანმა დავინახე უკვე ბევრი სამართალდამცავი, მათ შორის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიო და უკვე დავინახეთ საბარგულზე დიდი რაოდენობით იარაღიო.
დონაძემ მკაცრად გაგვაფრთხილა, არსად ისაუბროთ ამ თემაზეო. ამ ყველაფერის მოყოლის დროს გოჩა აღელვებული იყო, მითხრა იარაღების ჩადება მოხდაო”,- განაცხადა მოწმემ სასამართლო პროცესზე.
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულები არიან ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურაბ მიქაძე, დავით იაშვილი და ძებნილი ზაზა ბაქრაძე. კიდევ ერთი ბრალდებული ალექსანდრე გვაზავა გარდაიცვალა. ცალკე წარმოებად გამოიყო მაიზერ ლიპარტელიანის საქმე, რომელმაც სხვადასხვა დროს გამოძიებას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცა.