ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ დავით იაშვილის ადვოკატი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ დავით იაშვილის ადვოკატი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ამის შემდეგ დასკვნით სიტყვას იტყვის ზურაბ მიქაძის, შემდეგ კი გურამ დონაძის ადვოკატი.
იაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. ზაზა ბაქრაძის აღიარებითი ჩვენების შესახებ კი თქვა, რომ ამით ბაქრაძე საკუთარი თავის გადარჩენას ეცადა.
„იმედი გვქონდა, ბრალდების მხარე უარს იტყოდა დავით იაშვილის ბრალდებაზე, თუმცა ასე არ მოხდა. საქმეში დავით იაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. დიდუბის რაიონი არ იყო მისი მოქმედების არეალი და იქ არ მუშაობდა“, – განაცხადა ადვოკატმა ზაზა ბუაჩიძემ.
დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა წინა სხდომაზე დაიწყო. პირველი იყო ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას ადვოკატი, რის შემდეგაც სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა თავად ფირცხალავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საქმეში მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
ფირცხალავას განცხადებით, წლების წინ, შემთხვევის ადგილზე ბუტა რობაქიძის გარდაცვალების შემდეგ მივიდა და საქმის გაყალბება არ მომხდარა.
საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბრალდებული ზაზა ბაქრაძე, რომელიც ამ საქმეში ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელმაც დანაშაული აღიარა. წინა სხდომაზე ბაქრაძემ თქვა, რომ დაკავებულ ახალგაზრდებს იარაღი არ ჰქონდათ.
მოსამართლეს ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად 2018 წლის ბოლომდე აქვს ვადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ ბრალად.