ბურკინა ფასო და მალი აცხადებენ, რომ სამხედრო ჩარევა ნიგერში გადაყენებული პრეზიდენტის, მოჰამედ ბაზუმის დასაბრუნებლად, მათთვის „ომის გამოცხადება“ იქნება
ბურკინა ფასო და მალი აცხადებენ, რომ სამხედრო ჩარევა ნიგერში გადაყენებული პრეზიდენტის, მოჰამედ ბაზუმის დასაბრუნებლად, იქნება მათთვის „ომის გამოცხადება“.
ბურკინა ფასოსა და მალის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიგერში სამხედრო ინტერვენციის დამღუპველმა შედეგებმა შეიძლება მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
30 ივლისს გამართულ საგანგებო სამიტზე დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოთა ეკონომიკურმა გაერთიანებამ (ECOWAS) მოითხოვა ბაზუმის პოსტზე აღდგენა ერთი კვირის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაცია მიიღებს „ყველა ზომას“ კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.
ნიგერის ხუნტამ 31 ივლისს საფრანგეთი „სამხედრო ჩარევის“ სურვილში დაადანაშაულა ბაზუმის პოსტზე აღდგენის მიზნით, რაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ უარყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ „დაუყოვნებლივ და უკომპრომისოდ“ იმოქმედებს, თუ საფრანგეთის მოქალაქეებს ან ინტერესებს თავს დაესხნენ, მას შემდეგ, რაც ათასობით ადამიანი ნიგერის დედაქალაქში საფრანგეთის საელჩოს წინ შეიკრიბა.