აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიგერში ჩავიდა და სამხედრო გადატრიალების ლიდერებს იმ საფრთხეებზე ესაუბრა, რომელიც ქვეყანაში „ვაგნერის“ შესვლის შემთხვევაში გაჩნდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიგერში ჩავიდა და სამხედრო გადატრიალების ლიდერებს იმ საფრთხეებზე ესაუბრა, რომელიც ქვეყანაში „ვაგნერის“ შესვლის შემთხვევაში გაჩნდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიგერში ჩავიდა და სამხედრო გადატრიალების ლიდერებს იმ საფრთხეებზე ესაუბრა, რომლებიც ქვეყანაში რუსული კერძო სამხედრო კამპანია „ვაგნერის“ შესვლის შემთხვევაში გაჩნდება.

როგორც „ბიბისი“ წერს, ვიქტორია ნულანდმა, რომელიც ამჟამად ნიგერშია, პუტჩისტებთან გამართულ მოლაპარაკებებს „რთული“ უწოდა.

გავრცელებული ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გენერალ მუსა სალაუ ბარმუსა და კიდევ ორ პოლკოვნიკს ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნულანდმა ჩამოთვალა ის თემები, რომელზეც გადატრიალებაში მონაწილე პირებს ელაპარაკა.

„ცხადია, მე წამოვწიე „ვაგნერის“ საკითხი და ის თუ რა საფრთხეებს უქმნის ქვეყანას ეს ჯგუფი, მე შევახსენე მათ, რომ უსაფრთხოება გაუარესდება, ადამიანის უფლებების მხრივ სიტუაცია გაუარესდება, როდესაც ქვეყენაში „ვაგნერი“ შევა“, – განაცხადა ნულანდმა.

ნულანდი ნიგერში ყოფნისას გადაყენებულ პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა ამის ნებართვა არ მისცეს და ის მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა მოჰამედ ბაზუმის.

​ნიგერში სამხედრო გადატრიალება ივლისის ბოლოს მოხდა. პუტჩის ლიდერი ნიგერის პრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსი აბდურაჰმან ტჩიანია.

დასავლეთ აფრიკის ეკონომიკური თანამეგობრობა – „ეკოვასი“ და ასევე დასავლეთის ქვეყნების ნაწილი მოუწოდებს მეამბოხეებს, დაუბრუნოს ძალაუფლება ლეგიტიმურ ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიგერში ინტერვენციით დაიმუქრნენ.

საპასუხოდ, სამხედრო გადატრიალების ლიდერებმა ნიგერის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. 6 აგვისტოს პუტჩისტების ერთ-ერთმა ლიდერმა მალიში ვიზიტისას რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ მიმართა დახმარების თხოვნით.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ვაშინგტონში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ნიგერში მოწყობილი გადატრიალების დიპლომატიური გზით მოგვარება შესაძლებელია და პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი დაუბრუნდება მოვალეობის შესრულებას. ვიდრე ეს არ მოხდება აშშ-მა შეაჩერა ნიგერის ფინანსური დახმარება.

ცნობისთვის, ნიგერი ურანის მნიშვნელოვანი მწარმოებელია. ურანი აუცილებელია ბირთვული ელექტროსადგურებისთვის. ნიგერის გადაყენებული პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი კი დასავლეთის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონში ისლამისტებთან ბრძოლაში.