ემანუელ მაკრონი - ნიგერში საფრანგეთის ელჩი საელჩოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად მძევალივით ცხოვრობს
ემანუელ მაკრონი - ნიგერში საფრანგეთის ელჩი საელჩოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად მძევალივით ცხოვრობს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ნიგერში საფრანგეთის ელჩი საელჩოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად მძევალივით ცხოვრობს.

მაკრონის თქმით, ნიგერის ხუნტა საელჩოში საკვების შეტანას კრძალავს, რის გამოც საფრანგეთის ელჩი სამხედრო რაციონზეა.

ნიგერის სამხედრო ლიდერებმა საფრანგეთის ელჩს, სილვენ იტეს უთხრეს, რომ დაეტოვებინა ქვეყანა მას შემდეგ, რაც მათ 26 ივლისს პრეზიდენტი მოჰამედ ბაზუმი დაამხეს. ამასთან, 48-საათიანი ულტიმატუმი მისი წასვლის შესახებ, რომელიც აგვისტოში გამოქვეყნდა, ამოიწურა და ელჩი ქვეყნიდან არ წასულა. საფრანგეთის მთავრობამ უარი თქვა ულტიმატუმის შესრულებაზე და სამხედრო რეჟიმის ლეგიტიმურად აღიარებაზე.

გადატრიალება დაგმეს საფრანგეთმა და ნიგერის უმეტესმა მეზობლებმა. მაკრონმა თქვა, რომ ელჩს „არ შეუძლია გარეთ გასვლა, ის პერსონა ნონ გრატაა და მას საკვებზე უარს ეუბნებიან“. კითხვაზე, განიხილავს თუ არა საფრანგეთი ელჩის სახლში დაბრუნებას, მაკრონმა თქვა: „მე გავაკეთებ ყველაფერს, რასაც შევთანხმდებით პრეზიდენტ ბაზუმთან, რადგან ის არის ლეგიტიმური ხელისუფალი და მე მას ყოველდღე ვესაუბრები”.

საფრანგეთს ნიგერში დაახლოებით 1 500 ჯარისკაცი ჰყავს. ქვეყნის ახალმა ლიდერებმა საფრანგეთთან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებები გააუქმეს და ჯარებს სთხოვეს, სწრაფად დაეტოვებინათ ქვეყანა.