ეკვადორის პრეზიდენტმა ბრიტანეთს მიმართა, არ გადასცეს ასანჟი ისეთ ქვეყანაში, სადაც შესაძლოა, წამება ან სიკვდილით დასჯა დაემუქროს
ბრიტანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯულიან ასანჟის დასაკავებლად ეკვადორის საელჩოში ელჩის მიწვევით მივიდნენ, მას შემდეგ, რაც ეკვადორის ხელისუფლებამ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლისთვის თავშესაფრის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
პარალელურად, სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ.
ლენინ მორენომ ჯულიან ასანჟის ორგანიზაცია „ვიკილიქსი“ ეკვადორის მიმართ მტრულ და სახიფათო დამოკიდებულებაში, თავად ასანჟი კი საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში დაადანაშაულა.
ეკვადორის პრეზიდენტის განცხადებით, მან ბრიტანეთს მიმართა, არ მოახდინოს ასანჟის ექსტრადაცია იმ ქვეყანაში, სადაც შესაძლოა, წამება ან სიკვდილით დასჯა დაემუქროს.
„ვიკილიქსი“ ასანჟისთვის პოლიტიკური თავშესაფრის ჩამორთმევას საერთშორისო სამართლის დარღვევას უწოდებს.
ბრიტანეთის პოლიციამ ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დღეს დააკავა.
ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2012 წლიდან იმყოფებოდა, რათა თავიდან აეცილებინა შვედეთში ექსტრადირება, სადაც მის წინაღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით მიმდინარეობდა გამოძიება. მოგვიანებით შვედეთში გამოძიება შეწყდა, მაგრამ ასანჟი შიშობდა, რომ მისი ექსტრადირება აშშ-ში მოხდებოდა, სადაც ფედერალური გამოძიება „ვიკილიქსის“ წინააღმდეგ საიდუმლო სამხედრო და სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტების გამოქვეყნებისთვის მიმდინარეობს.