ჯულიან ასანჟი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
ჯულიან ასანჟი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

ჯულიან ასანჟი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სკანდალურად ცნობილი ვებგვერდის, „ვიკილიქსის“ ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განცხადებით, ეკვადორის საელჩოში გატარებული შვიდი წელი ასანჟის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახა.

„ვიკილიქსის დამფუძნებელმა ციხეში ყოფნისას მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მეტყველებს ფაქტი, რომ ასანჟი ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი“, – აღნიშნულია „ვიკილიქსის“ განცხადებაში.

ჯულიან ასანჟის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო სხდომა ლონდონში დღეს არის დაგეგმილი. ჰაკერის გადაცემა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ითხოვა. ასანჟს აშშ-ის თავდაცვასთან დაკავშირებული საიდუმლო მასალების გასაჯაროებაში ადანაშაულებენ. მაქსიმალური სასჯელი ამ დანაშაულისთვის 175 წელია. გარდა ამისა, ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდების საფუძველზე გამოძიება განახლდა შვედეთშიც.