ბრიტანეთის პოლიციამ ჯულიან ასანჟი დააკავა
ბრიტანეთის პოლიციამ ჯულიან ასანჟი დააკავა

ბრიტანეთის პოლიციამ ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ეკვადორმა „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს თავშესაფარი ჩამოართვა.

ჯულიან ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

ჯულიან ასანჟის შესაძლო დაკავების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ეკვადორის საელჩოდან ჯულიან ასანჟის გაძევება სკანდალს უკავშირდება, რომელშიც ეკვადორის პრეზიდენტის ძმის მიერ დაარსებული კომპანია „ინა ინვესთმენთი“ ფიგურირებს. გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, ეკვადორის პრეზიდენტის ძმა, ლენინ მორენო ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს უკანონო ქმედებებს მიმართავდა. მათ შორის იყო ქრთამის გადახდა ადგილობრივი მაღალჩინოსნებისთვის. სკანდალის აგორების შემდეგ, ლათინური ამერიკის ქვეყნის პრეზიდენტს იმპიჩმენტი ემუქრება. ეკვადორის გენერალურმა პროკურატურამ კი, ლენინ მორენოს საქმიანობის გამოძიება დაიწყო.

ჯულიან ასანჟის ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებაში ასანჟი გარეული არ არის, რადგან ის ვებგვერდ „ვიკილიქსის“ რედაქტორი აღარაა.

ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოში 2012 წლიდან იმყოფებოდა, რათა თავიდან აეცილებინა შვედეთში ექსტრადირება, სადაც მის წინაღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით მიმდინარეობდა გამოძიება. მოგვიანებით შვედეთში გამოძიება შეწყდა, მაგრამ ასანჟი შიშობდა, რომ მისი ექსტრადირება აშშ-ში მოხდებოდა, სადაც ფედერალური გამოძიება „ვიკილიქსის“ წინააღმდეგ საიდუმლო სამხედრო და სახელმწიფო დეპარტამენტების დოკუმენტთა გამოქვეყნებისთვის მიმდინარეობს.