მედიის ცნობით, ტრამპი ასანჟს შეწყალებას სთავაზობდა, თუ ის იტყოდა, რომ რუსეთს დემოკრატების სერვერების გატეხვასთან კავშირი არ აქვს
მედიის ცნობით, ტრამპი ასანჟს შეწყალებას სთავაზობდა, თუ ის იტყოდა, რომ რუსეთს დემოკრატების სერვერების გატეხვასთან კავშირი არ აქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ვიკილიქსის“ დამფუძნებელ ჯულიან ასანჟს შეწყალებას სთავაზობდა, თუ ის იტყოდა, რომ რუსეთს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერების გატეხვასთან კავშირი არ აქვს, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჯულიან ასანჟის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის სასამართლოში გამოსვლისას დაცვის მხარემ განაცხადა, შესაბამისი შეთავაზება ჯულიან ასანჟამა 2017 წლის აგვისტოში მიიღო. ლონდონში ვიზიტისას რესპუბლიკელმა დეინა რორაბახერმა, რომელიც მაშინ წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო, ჯულიან ასანჟს უთხრა, რომ პრეზიდენტის დავალებით მოქმედებდა და მას შეწყალებას ან „სხვა გამოსავალს სთავაზობდა“. თავად ყოფილი კონგრესმენი უარყოფს, რომ ტრამპსა და ასანჟს შორის შუამავლის როლს ასრულებდა.

„მე არასდროს მისაუბრია პრეზიდენტ ტრამპთან ჯულიან ასანჟზე“, – ნათქვამია რორაბახერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მისი თქმით, ის „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს საკუთარი ინიციატივით ესაუბრებოდა და უთხრა, რომ ტრამპს მის შეწყალებას სთხოვდა, თუ ასანჟი იტყოდა, თუ ვინ გადასცა მას დემოკრატების ელექტრონული წერილები.

თეთრ სახლში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს. თეთრი სახლის პრესმდივანმა ამერიკული ტელეკომპანია „სიენბისისთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ პრეზიდენტი რორაბახერს თითქმის არ იცნობს და მასთან აღნიშნულ საკითხზე არ უსაუბრია.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის სერვერებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. მალევე „ვიკილიქსმა“ კომიტეტის წევრების 20 ათასამდე ელექტრონული წერილი გამოაქვეყნა.

დატოვე კომენტარი