ბრიტანეთის მთავრობისთვის ცნობილია, რა ნივთიერებით მოწამლეს სერგეი სკრიპალი
გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უკვე ცნობილია, რა ნივთიერებით მოწამლეს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი.
საგანგებო განცხადება გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამბერ რადმა გაავრცელა. მას ნივთიერების სახელწოდება არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებებისთვის უკვე ცნობილია, რა ნივთიერებით მოწამლეს სერგეი სკრიპალი და მისი 33 წლის ქალიშვილი იულია სკრიპალი.
მომხდარზე მთავრობის საგანგებო სხდომა გაიმართა. სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების შესახებ ახალი განცხადება უახლოეს დღეებში გავრცელდება.
ორი დღის წინ 66 წლის სერგეი სკრიპალი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში 2010 წლიდან ცხოვრობს, მის ქალიშვილთან ერთად სალსბერის ერთ-ერთ რესტორანში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. იგი სალსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რესტორანში კი სამძებრო სამუშაოები ჩატარდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ინტოქსიკაციის ნიშნები სასწრაფო დახმარების იმ ექიმებსაც აღენიშნებოდათ, რომლებმაც სერგეი და იულია სკრიპალები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სერგეი სკრიპალი 20 წელზე მეტხანს რუსეთის თავდაცვის უწყებაში მუშაობდა, რის შემდეგაც, რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამსახურში გადავიდა. მისი მთავარი მოვალეობა სპეცსამსახურისთვის ახალი კადრების შერჩევა-მოძიება იყო. 1995 წლიდან მან ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურთან საიდუმლო კავშირი დაამყარა. 11 წლის განმავლობაში იგი სწორედ ბრიტანეთის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა. 2004 წელს პოლკოვნიკს სახელმწიფო ღალატში ბრალი დასდეს. მან პატიმრობაში 6 წელი გაატარა.
2010 წელს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ჯაშუშების გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების შემდეგ, სკრიპალი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მან პოლიტიკური თავშესაფარი გაერთიანებულ სამეფოში მიიღო.
დასავლურ მედიაში რუსულ კვალზე უკვე თამამად საუბრობენ და პარალელს ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმესთან ავლებენ. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, „ფე-ეს-ბე“-ს ყოფილი ოფიცერი ალექსანდრე ლიტვინენკო ვლადიმერ პუტინის რეჟიმს გაერთიანებულ სამეფოში 2000 წელს გაექცა. მანამდე კი, მისი და უშიშროების ფედერალური სამსახურის რამდენიმე წევრს ბრალად დასდეს რუსი ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკის მკვლელობის დაგეგმვა. ლიტვინენკომ ოჯახის წევრებთან ერთად ბრიტანეთის მთავრობისგან თავშესაფარი მიიღო.
ალექსანდრე ლიტვინენკომ ლონდონში ცხოვრების პერიოდში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობაზე ორი წიგნი დაწერა. იგი პუტინის მისამართით კრიტიკით გამოირჩეოდა. ასევე, ამტკიცებდა, რომ ისლამური რადიკალიზმისა და ტერორიზმის მთავარი ფინანსური წყარო სწორედ რუსეთის მთავრობა და სადაზვერვო სამსახურია.
2006 წელს ალექსანდრე ლიტვინენკო პოლონიუმით მოწამლეს. იგი თვენახევარში ლონდონის საავადმყოფოში ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა. ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ, 2016 წელს გაერთიანებული სამეფოს სასამართლომ ლიტვინენკოს მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ შესრულებულ მკვლელობის აქტად შეაფასა, რომელიც ვლადიმერ პუტინის ბრძანებით განხორციელდა.