ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, რომლებიც გუშინ მოიწამლნენ, საავადმყოფოდან გაწერეს
ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, რომლებიც გუშინ მოიწამლნენ, საავადმყოფოდან გაწერეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, რომლებიც გუშინ მოიწამლნენ, საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების ინფორმაციით, ბავშვებს განმეორებითი გამოკვლევა ჩაუტარდათ და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ბინაზე გაწერეს.

„ჩვენთან სულ 13 ბავშვი შემოიყვანეს, ხოლო რეფერალურ საავადმყოფოში 10. დღეს დილით მათ განმეორებითი ანალიზები გაუკეთდათ და მდგომარეობა დადებითია. აქ იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც სინჯები წაიღეს შემდგომი გამოკვლევებისთვის, რათა დადგინდეს ბავშვების ინტოქსიკაციის ზუსტი მიზეზი. ამ დროისთვის ყველა ბავშვი ბინაზეა გაწერილი“, – განაცხადა თელავის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა, თამილა თეიმურაზიშვილმა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ მიერ საბავშვო ბაღის პროდუქტებიდან აღებულ სინჯებზე პასუხი ორშაბათისთვის იქნება ცნობილი.

გუშინ 23 ბავშვის მოწამვლის გამო, ბუშეტის საბავშვო ბაღი დროებით დაიკეტა.