ბრიტანელმა ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, სად არის დამზადებული შხამი, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს
ბრიტანელმა ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, სად არის დამზადებული შხამი, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს

ბრიტანელმა ექსპერტებმა ვერ დაადგინეს, სად დაამზადეს შხამი, რომლითაც სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს.

როგორც Sky News იტყობინება, მომწამვლელი ნივთიერება პორტნ დაუნში მდებარე ლაბორატორიაში შეისწავლეს, თუმცა მისი დამზადების ადგილის დადგენა ვერ მოხერხდა.

„ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს ნერვულ-პარალიტიკური სამხედრო შხამია, თუმცა მისი წარმოშობის და დამზადების ადგილის დადასტურება ვერ მოხერხდა. ყველა ინფორმაცია გადავეცით მთავრობას, შემდეგ მათ გამოიყენეს სხვა წყაროები და მივიდნენ დასკვნამდე“, – ნათქვამია პორტ დაუნში მდებარე ლაბორატორიის ხელმძღვანელის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის მოწამვლაში ბრალი რუსეთს დასდო, რადგან მათი მტკიცების, სწორედ რუსეთში იყო დამზადებული შხამი, რომლითაც სკრიპალი მოწამლეს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ხვალ, 4 აპრილს ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვაზე მომუშავე ორგანიზაციის წევრების შეხვედრა გაიმართება. ლონდონმა სკრიპალის მოწამვლისას გამოყენებული შხამის ნიმუშები ამ ორგანიზაციას გადასცა. ჯერ უცნობია, გასაჯაროვდება თუ არა ხვალ „სკრიპალის საქმის“ ახალი დეტალები.