ბრიტანული მედია - რუსეთი სკრიპალს ხუთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდა და 2000-იანი წლებიდან შხამ „ნავიჩოკს“ ამზადებდა
ბრიტანული მედია - რუსეთი სკრიპალს ხუთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდა და 2000-იანი წლებიდან შხამ „ნავიჩოკს“ ამზადებდა

რუსეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ხუთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდა რუსეთის დაზვერვის სამმართველოს ყოფილ პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილს, ხოლო ნერვულ-პარალიტიკურ შხამს კარის სახელურებზე ცდიდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.

ჟურნალისტების მტკიცებით, მათ განკარგულებაში აღმოჩნდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მარკ სედვილის წერილი, რომელიც მან NATO-ს გენერალურ მდივანს გადაუგზავნა. მსგავსი წერილის გასაჯაროება ბრიტანეთში ძალიან იშვიათად ხდება.

13 აპრილით დათარიღებულ წერილში, სედვილი ამბობს, რომ ბრიტანეთი ფლობს უტყუარ მტკიცებულებას, რომ სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლასთან მოსკოვია დაკავშირებული.

„მხოლოდ რუსეთს აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, პრაქტიკული გამოცდილება და მოტივი“, – წერს ტერეზა მეის მრჩეველი.

მისივე თქმით, რუსეთმა სკრიპალისა და მისი შვილის თვალთვალი 2013 წელს დაიწყო. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ რუსეთი სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ორმაგი ჯაშუშის ქალიშვილის ელექტრონულ ფოსტას აკონტროლებდა.

„დიდი ალბათობით, შეიძლება ვამტკიცოთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მინიმუმ, რამდენიმე ყოფილ აგენტს მკვლელობის სამიზნედ განიხილავდა“, – წერს სედვილი.

წერილის მიხედვით, ლონდონისთვის ცნობილია, რომ რუსეთმა 2000-იან წლებში, უშუალოდ ვლადიმირ პუტინის მეთვალყურეობით დაიწყო პროგრამა, რომლის მიზანიც სამხედრო მომწამვლელი ნივთიერებების გამოცდა და მათი გამოყენების მიზნით სპეციალური დანაყოფების მომზადება იყო. მისივე მტკიცებით, სწორედ ამ დროს რუსეთმა ქიმიური ნივთიერებები კარის სახელურებზე გამოცადა.

წერილში ნათქვამია, რომ სკრიპალის მოწამვლისთვის გამოყენებული ნივთიერება ქალაქ შიხანში მდებარე კვლევით ცენტრში დაამზადეს.