Sunday Times - სერგეი სკრიპალს აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლას შესთავაზებენ
Sunday Times - სერგეი სკრიპალს აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლას შესთავაზებენ

ბრიტანული Sunday Times-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ყოფილ პოლკოვნიკ სერგეი სკრიპალს და მის ქალიშვილს საცხოვრებლად აშშ-ში გადასვლას შესთავაზებენ.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებს შორის ამის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა. როგორც ანონიმური წყარო ამტკიცებს, სერგეი და იულია სკრიპალებს აშშ-ში ახალი სახელით ცხოვრებას სთავაზობენ, რათა ისინი სამომავლოდ თავდასხმებისგან უკეთ იყონ დაცული.

პუბლიკაციის ავტორები ამბობენ, რომ იულია და სერგეი სკრიპალები უახლოეს ხანში ჩვენების მისაცემად მზად იქნებიან. ამასთან, იულიამ რუსეთის საკონსულოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

სერგეი და იულია სკრიპალები 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს, რასაც კრემლში კატეგორიულად უარყოფენ.

7 აპრილს მოსკოვში განაცხადეს, რომ გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი მზადაა, ბრიტანეთის საგარეო უწყებაში მივიდეს და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდეს.