გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი - ბრიტანეთი ყალბ ისტორიას იგონებს და ცეცხლს ეთამაშება
რუსეთი დიდ ბრიტანეთს „ყალბი ისტორიის გამოგონებაში“ სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ბრიტანეთი „ცეცხლს ეთამაშება“. ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ
უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომლის განხილვის თემაც ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა იყო.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომამდე ლონდონის პოლიციამ სოლსბერიში მოწამლული იულია სკრიპალის პირველი განცხადება გამოაქვეყნა.
„მე ერთი კვირის წინ გონზე მოვედი და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ყოველდღიურად თავს უკეთ ვგრძნობ. მადლობელი ვარ ჩემდამი ინტერესისთვის და მხარდაჭერის მრავალრიცხოვანი სიტყვისთვის, რომელიც მივიღე“, – ნათქვამია იულია სკრიპალის განცხადებაში.
მანამდე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იულია სკრიპალი გონზე მოვიდა და საუბარი შეუძლია, თუმცა მისი მამის მდგომარეობა კრიტიკულია.
4 აპრილს კი დიდმა ბრიტანეთმა სკრიპალის საქმის რუსეთთან ერთად გამოძიებაზე უარი თქვა.
რუსეთის სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით, ლონდონისადმი სოლიდარობის ნიშნად, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება 30-მდე ქვეყანამ მიიღო, მათ შორის საქართველომ.