ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვით განახლდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმე ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვით განახლდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდებამ საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულებების ნაწილი გამოიკვლია.
პროკურორის განცხადებით, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებიდან ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ბრალი დასტურდება.
„გრძელდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევა. დღეს მოხდა პოლიციის ბრალდებულების კონკრეტულად კამერების/ვიდეოჩანაწერების დათვალიერება და შემდგომ პროცესზე ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევით გაგრძელდება და დასრულდება ამ ჩანაწერებისა და სხვა ნივთიერი და ელექტრონული ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარდგენილი სასამართლოში. ვიდეომასალაში აღწერილია სრული პროცესი. მოგეხსენებათ, არასრულწლოვანი ლუკა სირაძე დაახლოებით ექვსსაათნახევარის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მარიანა ჩოლოანის მიმართ განხორციელდა მის მიმართ ჩვენების მიცემის იძულება. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, მათ ხმა არ აქვს, ეს არის უკვე ვიდეოგამოსახულება. თუმცა სხვა მტკიცებულებებთან ერთად საქმეზე არაერთი პირდაპირი მოწმე გვყავს დაკითხული. სასამართლოში სხვა ნივთიერი მტკიცებულებაც არის წარდგენილი, რომლებიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად ჩაიდინა ჩვენების მიცემის იძულების ორი ეპიზოდი“, – განაცხადა პროკურორმა.
მტკიცებულებებთან დაკავშირებით საპირისპირო პოზიცია აქვს დაცვის მხარეს.
„გამოკვლეული იქნა ვიდეომასალა სამი რაკურსით იქნა წარმოდგენილი ვიდეომასალა, თუ რა ხდებოდა იმ საღამოს პოლიციის განყოფილებაში. ვიდეომასალაში ჩანს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირთა გადაადგილება, ვინც იმყოფებოდნენ განყოფილებაში დაახლოებით საღამოს ხუთი საათიდან თორმეტ საათამდე. როდესაც საუბარია ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე, ჟესტებითაც ვერ მოხდება იმის დადასტურება, ახდენს თუ არა ვინმე ვინმეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ასევე, კამერებში არ ჩანს, ვინ რა ქმედებას ახორციელებს, რადგან ის მაგიდა რომელზეც აქვს აქცენტი გამოძიებას კარგად არ ჩანს, აუდიოჩანაწერი არ არსებობს. გამოვრიცხავთ, რომ რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ადვოკატმა, არჩილ შაბაშვილმა.
დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს, მარინა ჩოლოიანს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად. 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.