მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში გაგრძელდება
მარიანა ჩოლოიანის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში გაგრძელდება

ჩვენების იძულებაში ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა ამ ეტაპზე დაიხურა, თუმცა არსებითი განხილვები შესაძლოა, პერიოდულად გაიხსნას.

დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი პირველად დაესწრო, სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა. ამის მოტივად ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა საქმეში არასრულწლოვანი მოწმეების ჩვენებები და მათი სამომავლო დაკითხვა დაასახელა, რომელიც პროკურორის თქმით, კონფიდენციალობას მოითხოვს.

დაცვის მხარემ კი, განაცხადა, რომ სხდომის სრულად დახურვას ეწინააღმდეგება. თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ლევან ქუთათელაძემ განაცხადა, სხდომა ამ ეტაპზე დახურულია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეტაპობრივად საჯაროდ ჩატარდეს. ამასთან, პროკურორის თქმით, გარდა დაზარალებულის, 15 წლის ლუკა სირაძის დედის ჩვენებისა, საქმეში არსებობს გარდაცვლილის კლასელებისა და მეგობრების ჩვენებები, ასევე ვიდეომტკიცებულება, რაც ჩოლოიანისთვის წარდგენილ ბრალს ადასტურებს.

​მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის თქმით, მტკიცებულება, რომელიც მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში ფიზიკურად არ არსებობს.

„საზოგადოებას ვპირდებით, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში მარიანა ჩოლოიანის მიმართ აბსურდული ბრალდება ვერ დადასტურდება, ვინაიდან ბრალდების სახელმძღვანელოდ დღემდე ერთადერთი პირის ჩვენება რჩება. სხვა მტკიცებულება, რომელიც მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში ფიზიკურად არ არსებობს“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მარიანა ჩოლოიანის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 9 მარტს ჩატარდება.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად.  15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.