მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა სასამართლოში დღეს გაგრძელდება
მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა სასამართლოში დღეს გაგრძელდება

ჩვენების იძულებაში ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. გაგი მოსიაშვილის თქმით, პროკურატურა სავარაუდოდ მოწმეებსაც წარადგენს.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ეს საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდება.

როგორც ადვოკატი ამბობს, ჯერ უცნობია, დაესწრება თუ არა ბრალდებული სასამართლო პროცესს.

„დღეს გაგრძელდება მარიანა ჩოლოიანის სისხლის სამართლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა. ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. მას შემდეგ, რაც დასრულდება ბრალდების მტკიცებულებები, დაცვის მტკიცებულებები იქნება გამოკვლეული. დღევანდელ პროცესზე, სავარაუდოდ პროკურატურა წარმოადგენენ მოწმეებს, რომელთა დაკითხვაც მოხდება სასამართლო პროცესზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევისთვის, ასევე დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევაში მივიღოთ მონაწილეობა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დავადასტუროთ მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა, დავადასტუროთ წარდგენილი ბრალდების აბსურდულობა. ამას გვიჩვენებს საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული ყველა მტკიცებულება. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ სამართლებრივ ბრძოლაში მივიღოთ მონაწილეობა.

მარიანა ჩოლოიანის პროცესზე დასწრება დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეუწყობს, დაესწრება პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დასწრების გარეშე ჩატარდება. ამას ჩვენ გავიგებთ მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესი დაიწყება“, – განაცხადა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად.  15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.