ბოგდან აურესკუ - საარჩევნო რეფორმის მიმართულებით არის პროგრესი, იმედი გვაქვს, იგივე გაგრძელდება მართლმსაჯულების სისტემაშიც, ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად
საარჩევნო რეფორმის მიმართულებით არის წარმატება და პროგრესი, იმედი გვაქვს, იგივე გაგრძელდება მართლმსაჯულების სისტემაშიც, ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ განაცხადა, რომელმაც ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად თბილისში გამართა.
მისივე თქმით, რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია.
„ყოველმხრივ თქვენს გვერდით ვდგავართ, მათ შორის ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით. ვაფასებთ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს და იმედი გვაქვს, რომ რეფორმების პროცესი ყველა სფეროში გაგრძელდება. არის წარმატება და პროგრესი საარჩევნო რეფორმის მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ იგივე გაგრძელდება მართლმსაჯულების სისტემაშიც, ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის მოთხოვნების შესაბამისად. საქართველო მარტო არ არის, მასთან არიან მეგობრები, რომლებსაც შეუძლია, დაეყრდნოს, მაგრამ თქვენ ყველაზე რთული დავალება თქვენითვე უნდა შეასრულოთ“, – ბოგდან აურესკუ.
საქართველოს ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ, გვიან ღამით ესტუმრნენ. სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები დღეს უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ამასთან, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ.