ბოგდან აურესკუ - ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, რუმინეთი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ალიანსის დე ფაქტო წევრი, რომელიც დიდ მხარდაჭერას უწევს მისიებში
ბოგდან აურესკუ - ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, რუმინეთი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ალიანსის დე ფაქტო წევრი, რომელიც დიდ მხარდაჭერას უწევს მისიებში

ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, რუმინეთი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ალიანსის დე ფაქტო წევრი, რომელიც დიდ მხარდაჭერას უწევს მისიებში, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ბერლინში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, ბოგდან აურესკუმ აღნიშნა, რომ ალიანსის შიგნით სერიოზულად უნდა განიხილონ, რა სახის შემდგომი მხარდაჭერა შეიძლება, შესთავაზონ საქართველოს, რათა გაზარდოს საკუთარი მედეგობა.

„ვერ ვისაუბრებ ყველა ჩემი კოლეგის სახელით, მაგრამ რუმინეთის მხრიდან ვიტყვი, რომ ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ასე რომ, რუმინეთი მიიჩნევს, რომ საქართველო არის ალიანსის დე ფაქტო წევრი, რომელიც დიდ მხარდაჭერას უწევს ალიანსს მისიებში, ალიანსის შიგნით სერიოზულად უნდა განვიხილოთ, რა სახის შემდგომი მხარდაჭერა შეგვიძლია შევთავაზოთ საქართველოს, რათა გაზარდოს საკუთარი მედეგობა, რადგან მედეგობა მნიშვნელოვანია. მედეგობას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ახალ სტრატეგიულ კონცეპტში, არა მხოლოდ მოკავშირეებისა და ალიანსისთვის, არამედ ეხება ჩვენს პარტნიორებსაც“, – განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, მინისტერიალზე განიხილავენ საკითხებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის, აგრეთვე, როგორ დაუჭირონ მხარი პოლიტიკურად და სხვა გზებით ალიანსის სხვა პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა.

„განვიხილავთ საკითხებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის, რუმინეთი ჩართულია, მრავალგანზომილებიანი ქმედებებით დაეხმაროს უკრაინას თავდაცვასა და ლტოლვილების საკითხის მოგვარებაში. ასევე, მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკონომიკას, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ უკრაინის პროდუქციის, მათ შორის მარცვლეულის გატანას შავ ზღვაზე და მდინარე დუნაიზე ჩვენი პორტების საშუალებით. ასევე, უნდა განვიხილოთ, როგორ დავუჭიროთ მხარი პოლიტიკურად და სხვა გზებით ჩვენს სხვა პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, რომლებიც ასევე არიან ზეწოლის ქვეშ ომის შედეგების გამო, რომელიც რუსეთმა წამოიწყო უკრაინაში“, – აღნიშნა ბოგდან აურესკუმ.