რუმინეთი და ირლანდია საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავენ
რუმინეთი და ირლანდია საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავენ

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი დამსახურებულ ჯილდოს უწოდებს ევროკომისიის მიერ „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“, – ნათქვამია რუმინეთის პრეზიდენტის ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ევროკომისიის დასკვნას ეხმაურება ასევე რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბოგდან აურესკუ და თავის ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ევროპული ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს ულოცავს.

„გვწამს, რომ ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად თქვენი ქვეყანა სწორ გზას ადგას. რუმინეთი მზადაა, განაგრძოს თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერა!“ – წერს ბოგდან აურესკუ ტვიტერის გვერდზე.

სამი ასოცირებული ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციას აფასებს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინიც.

„მივესალმები რეკომენდაციას მოლდოვასთვის კანდიდატის  სტატუსის მინიჭების შესახებ და ასევე, რეკომენდაციას საქართველომ მიიღოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები შესრულდება,“ – აღნიშნავს ირლანდიის პრემიერ-მინისტრი.

„კარგი გადაწყვეტილება“ – ასე აფასებს ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საიმონ კოვნი ევროკომისიის დასკვნას.

„ევროკავშირი მშვიდობის, სტაბილურობის, მრავალფეროვნებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების კავშირია. ირლანდია განაგრძობს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“ – წერს ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ტვიტერის გვერდზე.