ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ
ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ.

ალექსანდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ბოგდან აურესკუ საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა ადგილზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ევროპულ დელეგაციას გააცნო. მან ხაზი გაუსვა იმ ნეგატიურ გავლენას, რომელსაც მავთულხლართები და სამათვალყურეო პუნქტები იწვევს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების გადაადგილების შეზღუდვისა და მათი უფლებების დარღვევის კუთხით. საუბრისას ხაზი გაესვა კორონავირუსული პანდემიის დროს კიდევ უფრო გაზრდილ ყოველდღიურ გამოწვევებს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა მადლიერება გამოხატეს ვიზიტისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მისცა, მიეღოთ ინფორმაცია ვითარების შესახებ და დადებითად შეაფასეს მისიის როლი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ევროპულ დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ადგილობრივებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს არსებული ვითარება, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების მიღებისა და კუთვნილ მიწებზე შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების მიმართულებით.

ვიზიტთან დაკავშირებით ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა უპირობოა.

რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ბოგდან აურესკუს განცხადებით კი, ადგილზე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო მეტ მტკიცებულებას იძლევა იმაზე, რატომ უნდა იყოს ევროკავშირის პრიორიტეტულ დღის წესრიგში კონფლიქტების მოგვარება.

საქართველოს ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ, გვიან ღამით ესტუმრნენ. სამი ქვეყნის პირველი დიპლომატები დღეს შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

დღის ბოლოს ევროპელი დიპლომატები ვიზიტს შეაჯამებენ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება.