დავით ზალკალიანი ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა [ვიდეო]

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ოფიციალური შეხვედრა გამართა ევროკავშირის ეგიდით საქართველოში ვიზიტით მყოფ, ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ალექსანდრე შალენბერგის, ბოგდან აურესკუსა და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ვიზიტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ეგიდით ხორციელდება, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი, რომ ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთული ვითარება, რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურება, საოკუპაციო ძალების ყოველდღიური პროვოკაციები, ე.წ. ბორდერიზაციის, უკანანო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები. შეხვედრაზე დაისვა ზაზა გახელაძისა და უკანონოდ დაკავებული, საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად ევროკავშირის მაღალ პოლიტიკურ დონეზე ჩართულობის საკითხი.

ამასთან, მინისტრებმა ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის აუცილებლობა.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს უშუალოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. აღინიშნა საქართველოს მზაობა, ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს შორის დიალოგს რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ საქართველოს მედიაციას, როდესაც ქართული მხარის უშუალო ჩართულობითა და პარტნიორების დახმარებით, 15 სომეხი ტყვე დაუბრუნდა სამშობლოს და მოხდა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა აზერბაიჯანული მხარისთვის. აღინიშნა, რომ ეს ფაქტი გახდა ჰუმანიტარული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი, რომელიც რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას ისევე, როგორც ევროკავშირის ჩართულობას სამ ქვეყანას შორის რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში.