„ბიბისის“ რუსული ბიურო - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი სავარაუდოდ კაზბეკ შამაევია
„ბიბისის“ რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი სავარაუდოდ კაზბეკ შამაევია. ამის შესახებ საუბარია ვრცელ სტატიაში, რომელიც „ბიბისიმ“ 19 სექტემბერს გამოაქვეყნა.
პუბლიკაციის ავტორთა თქმით, ჟურნალისტები ესაუბრნენ ზელიმხან ხანგოშვილის ძმას, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში იმყოფება. ზურაბ ხანგოშვილის მტკიცებით, ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლებმა მისი ძმის მკვლელი ფოტოს მიხედვით ამოიცნეს.
„ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, შატოეში 1999-2000-იან წლებში ცხოვრობდა. ეროვნებით რუსია, მაგრამ გამართულად საუბრობს ჩეჩნურ ენაზე. ჩეჩნეთში ცხოვრებისას მას კაზბეკი ერქვა. ის ჩეჩნეთის რესპუბლიკის საველე დანაყოფებს დაუახლოვდა, შემდეგ კი რამდენიმე მათგანი ფედერალებს ჩააბარა. ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა“, – აცხადებს ზურაბ ხანგოშვილი.
კიდევ ერთმა ჩეჩენმა, რომელიც ევროპაში ცხოვრობს, ანონიმურად უთხრა „ბიბისის“, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის პასპორტი აქვს ნანახი. „მისი სახელია კაზბეკ შამაევი. მას დედა რუსი ჰყავს და მამა ჩეჩენი“, – აცხადებს ანონიმური წყარო.
მისივე თქმით, შამაევი დაკავშირებული იყო ჩეჩნეთში მოქმედი რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და „ამ კავშირებით გამჟღავნების შემდეგ გაქრა“.
„ბიბისისთან“ საუბარში ზელიმხან ხანგოშვილის მეუღლე ასევე ჰყვება, რომ მან რამდენჯერმე მიმართა გერმანიის პოლიციას და გააფრთხილა, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ.
„გერმანიის მთავრობამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ზელიმხანს საფრთხე ემუქრებოდა. სამწუხაროდ, ალბათ ბოლომდე არ დაიჯერეს“, – აცხადებს მოკლულის მეუღლე.
„ბიბისიმ“ ამ ინფორმაციის გადამოწმება პროკურატურაში სცადა, თუმცა უწყებაში კომენტარისგან თავი შეიკავეს.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. ის მესამე კვირაა, დუმილის უფლებას იყენებს და ჩვენებას არ აძლევს. ცნობილია, რომ მას გერმანიაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ.