ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ბერლინალეს პროგრამაში რამდენიმე ასეულ ფილმს აჩვენებენ, რომელთაც დაახლოებით ოთხი ათასამდე აკრედიტებული ჟურნალისტი და კრიტიკოსი გააშუქებს.
გახსნის ცერემონია აუდიტორიისთვის ბერლინალეს ჟიურის წევრების წარდგენით დაიწყო.
საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილ ფილმებს თანამედროვე გერმანული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი ტომ ტიკვერი ჟიურის სხვა წევრებთან ერთად შეაფასებს. 52 წლის რეჟისორმა რომელმაც კარიერა „გაიქეცი ლოლა გაიქეცით“ და „პარფიუმერით“ დაიწყო, ამჟამად სერიალზე მუშაობს.
რაც შეეხება ჟიურის სხვა წევრებს, ბერლინალეს გამარჯვებულს წელს Moonlight-ის პროდიუსერი ადელ რომანსკი, ბელგიელი მსახიობი სესილ დე ფრენსი, იაპონელი კომპოზიტორი რიჩი საკამოტო, კინოკრიტიკოსი სტეფანი ზაჩარეკი და რეჟისორი ჩემა პრადო გამოავლენენ.
ფესტივალი უეს ანდერსონის „ძაღლების კუნძულის“ ჩვენებით გაიხსნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ბერლინალე ანიმაციური ფილმით გაიხსნა. ანიმაციური ფილმის სიუჟეტი იაპონიაში ვითარდება, სადაც ერთ-ერთ ქალაქში გამოცხადებული კარანტინის გამო, მოსახლეობა ძაღლებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილ კუნძულზე აგზავნის. სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი იაპონელი ბიჭი ატარია, რომელიც კუნძულზე თავისი საყვარელი ძაღლის მოსაძებნად ჩადის.
ანიმაციურ ფილმს იოკო ონო, სკარლეტ იოჰანსონი, ტილდა სვინტონი, ედუარდ ნორტონი, ბილ მიურეი და სხვა ცნობილი მსახიობები ახმოვანებენ. ეს არის ფილმი იაპონიაზე, ძაღლებზე და ნაგავზე – აი, ამ სამ სიტყვაში ხსნის რეჟისორი ფილმის ძირითად იდეას. რეჟისორი უეს ანდერსონი სამჯერ მონაწილეობდა საკონკურსო პროგრამაში. 2014 წელს კი, ბერლინის კინოფესტივალი მისი ფილმით „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტით“ გაიხსნა.